პრემენსტრუალური სინდრომი [PMS] სიმპტომების ერთობლიობაა, რომელიც, როგორც წესი, მენსტრუაციის დაწყებამდე დაახლოებით ერთი ან ორი კვირით ადრე იწყება და აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ნიშნებსა და სიმპტომებს. ფიზიკური და ემოციური ცვლილებები, რომლებსაც ამ დროს განიცდის ადამიანი, ყოველ ჯერზე შეიძლება განსხვავდებოდეს ინტენსივობით.

ზოგიერთისთვის ფიზიკური სიმპტომები და ემოციური სტრესი იმდენად მწვავეა, რომ სერიოზულ ზეგავლენას ახდენს მათ შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხზე. 

პრემენსტრუალური სინდრომი, ისევე როგორც მენსტრუალური ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. ეს რეპროდუქციული ასაკის მილიონობით ადამიანის პრობლემაა მსოფლიოში, მათ 5-8 პროცენტს კი პმს-ის მძიმე ფორმა აწუხებს, რომელსაც პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა ეწოდება.

პმს-ის ზოგიერთი სიმპტომი, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემისთვისაც არის დამახასიათებელი ამიტომ მაშინ, „როცა ეს სიმპტომები განსაკუთრებით მძიმეა, უნდა მიმართოთ ექიმს.  ექიმმა უნდა გამორიცხოს სხვადასხვა პათოლოგია, მათ შორის ანემია, ენდომეტრიოზი, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია,  ასევე სხვა რაიმე ანთებითი ან გინეკოლოგიური პათოლოგიური მდგომარეობა, რაც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს“ – ამბობს ქეთი ფარტენაძე.

პრემენსტრუალური სინდრომის ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების ძირითად ხელშემწყობად, ორგანიზმში მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები, კერძოდ საკვერცხის ჰორმონების, ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილება მიიჩნევა.

„მიზეზი შეიძლება იყოს ამ დროს თავის ტვინში მიმდინარე ქიმიური ცვლილებები, სიმპტომები ასევე შეიძლება გაამძაფროს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სტრესი, უძილობა, მიკროელემენტების (ფოლიუმის მჟავას, B ვიტამინის, D ვიტამინის, კალციუმის, მაგნიუმის) დისბალანსი ორგანიზმში”- ამბობს ქეთი ფარტენაძე.  

პრემენსტრუალური სინდრომის ძირითადი ნიშნები და სიმპტომები:

ფიზიკური ნიშნები და სიმპტომები:

  • სახსრების ან კუნთების ტკივილი; 
  • თავის ტკივილი;
  • დაღლილობა, ზოგადი საერთო სისუსტე; 
  • წონის მატება, რომელიც დაკავშირებულია სითხის შეკავებასთან; 
  • მუცლის შებერილობა; 
  • მომატებული მგრძნობელობა მკერდში;
  • აკნე; 
  • ყაბზობა ან დიარეა; 
  • ტაქიკარდია, არითმიები;
  • ალკოჰოლის აუტანლობა;
  • მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ხმის მიმართ;

ემოციური/ქცევითი ნიშნები და სიმპტომები:

  • დაძაბულობა ან შფოთვა;
  • დეპრესიული განწყობა; განწყობის ცვალებადობა  – გაღიზიანებადობა ან ბრაზი;
  • მადის ცვლილებები და ზოგიერთი საკვებისადმი გაძლიერებული მოთხოვნილება;
  • უძილობა;
  • ცუდი კონცენტრაცია;
  • სოციალური იზოლაცია;

მენსტრუაციის მქონე ყოველი 4 ადამიანიდან 3-ს აქვს პრემენსტრუალური სინდრომის რაიმე ფორმა მაინც. დროთა განმავლობაში პრემენსტრუალური სიმპტომები შეიძლება პროგრესირდეს. 

პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია, თუმცა  რაციონალური დიეტითა და ცხოვრების წესის ცვლილებით სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია. 

 რეკომენდაციები, პრემენსტრუალური სინდრომის შესამსუბუქებლად:

  • მიირთვით უფრო მცირე ულუფები და უფრო ხშირად, რათა შეამციროთ შებერილობა და სისავსის შეგრძნება;
  • შეზღუდეთ მარილი და მარილიანი საკვები, რათა შეამციროთ შებერილობა და სითხის შეკავება ორგანიზმში;
  • შეარჩიეთ რთული ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული;
  • აირჩიეთ კალციუმით მდიდარი საკვები. თუ თქვენ ვერ იღებთ ადეკვატურ კალციუმს რაციონიდან, არ/ვერ მიირთმევთ რძის ნაწარმს, შეიძლება დაგეხმაროთ კალციუმის დანამატი;
  • მოერიდეთ კოფეინს და ალკოჰოლს;
  • რეგულარული ყოველდღიური ვარჯიში დაგეხმარებათ გააუმჯობესოს თქვენი საერთო ჯანმრთელობა და შეამსუბუქოს გარკვეული სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა და დეპრესიული განწყობა.
გერმანული ჰოსპიტალი