არტერიულ წნევასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული მითები

მითი ნომერი პირველი: -მე მაღალ წნევას ვატარებ,არ მაწუხებს და ეს ჩემთვის ნორმაა.
სამწუხაროდ, ხშირად პაციენტები არ აქცევენ ყურადღებას მაღალი არტერიული წნევის
არსებობას, ეჩვევიან და განაგრძობენ ცხოვრებას მკურნალობის და ცხოვრების რეჟიმის
შეცვლის გარეშე.ეს ყოვლად დაუშვებელია,
არტერიული წნევის დონე 140/90 მმ.ვწყ.სვ და მეტი ითვლება მომატებულ არტერიულ
წნევად. შაქრიანი დიაბეტის დროს ეს მაჩვენებელი არის ამ დონეზე ნაკლები - 130/85
მმ.ვწყ.სვ, ხოლო თირკმელების უკმარისობის დროს 125/80 მმ.ვწყ.სვ.
არტერიული ჰიპერტენზია საწყის ეტაპზე და რაღაც დროის მანძილზე, შესაძლოა,
ჩივილების გარეშე მიმდინარეობდეს. თავდაპირველად პაციენტს ჩივილები არ აქვს და
როგორც წესი, მაღალ წნევას შემთხვევითი გაზომვით აღმოაჩენს. არტერიული წნევის
მატება შეიძლება გამოიხატოს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ადვილად დაღლით,
ქოშინით, ასევე სავსებით შესაძლებელია, რომ იგრძნოთ ტკივილი გულის არეში,
პულსაცია კეფის მიდამოში. ხანდახან ახასიათებს ცხვირიდან სისხლდენა და კანის
სიწითლე. კიდურების დაბუჟება.
მაღალი და უკონტროლო არტერიული წნევის ფონზე შესაძლოა, დაზიანდეს ორგანოები.
ესენია: გული, თავის ტვინი, თვალი, თირკმელი და ზოგადად,სისხლძარღვები.
შესაბამისად, არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე გაზრდილია ინსულტის, ინფარქტის,
თირკმლის და გულის უკმარისობის შემთხვევები. სიმპტომებიც იმის მიხედვით
ვლინდება, თუ რომელი ორგანოა დაზიანებული.
ამიტომ რაც უფრო დროულად მიაკითხავთ ექიმს, მეტად აიცილებთ თავიდან
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებებს.

მითი ნომერი ორი: მაქვს მოხტუნავე წნევა.
მოხტუნავე წნევა არ არსებობს, ეს ძირითადად გამოწვეულია არასწორი მკურნალობის
შედეგად.ხშირად პაციენტები მკურნალობას იტარებენ თვითნებურად ან მეზობლის და
ნათესავების რჩევით,რაც ყოვლად დაუშვებელია.ყველა პაციენტი განსხვავებულია და
ესაჭიროება ინდივიდუალური მკურნალობის შერჩევა მხოლოდ ექიმის მიერ.

მითი ნომერი სამი: როდესაც წნევა მაწუხებს,მაშინ უნდა ვსვა წამალი .
მკურნალობის ასეთი ფორმა ყოვლად დაუშვებელია. არტერიული ჰიპერტენზიის
დროს აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების რეგულარული
მიღება.წინააღმდეგ შემთხვევაში წნევის მართვა შეუძლებელი იქნება.
გთხოვთ,გაითვალისწინოთ ექიმის რჩევები და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

გერმანული ჰოსპიტალი