სახსრების ენდოპროთეზირება მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს. იმპლანტების მწარმოებელი მსოფლიო ფირმები მუდმივად ხვეწენ გამოშვებული პროდუქციისათვის საჭირო მასალას და ცდილობენ, სულ უფრო მეტად სრულყოფილი ენდოპროთეზები შექმნან. მათი მთავარი ამოცანაა უზრუნველყონ ენდოპროთეზის კომპონენტების ძვალში მყარად ფიქსაცია და სახსრის ოპტიმალური ფუნქციობა, მაქსიმალურად გაზარდონ ენდოპროთეზის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, შეამცირონ პოსტოპერაციული გართულებების რიცხვი.

ენდოპროთეზირების ასეთი მრავალფაქტორული სტრუქტურა ექიმ-სპეციალისტს საშუალებას აძლევს სახსრის დისტროფიულ-დეგენერაციული დაავადებების დროს შეარჩიოს და გამოიყენოს ყოველი პაციენტისათვის შესაბამისი, რაციონალური მკურნალობა. მხოლოდ პროფესიონალ ექიმ-ტრავმატოლოგს შეუძლია გადაწყვიტოს, რომელი ენდოპროთეზი იქნება ყველაზე მოხერხებული და რაციონალური ამა თუ იმ პაციენტისათვის მისი მდგომარეობის მიხედვით. მით უფრო, რომ დღეისათვის სახსრის ენდოპროთეზირება, რეალურად, ერთადერთი და ყველაზე ეფექტური ტექნოლოგიაა კიდურის დაკარგული ფუნქციის აღსადგენად.

 

სახსრების ენდოპროთეზირება-ართროპლასტიკის ისტორია საკმაოდ მდიდარია. ჯერ კიდევ 1891 წელს სცადეს ბარძაყის თავის ჩანაცვლება სპილოს ძვლით. წარმატებული გამოდგა 1940 წელს ამერიკელი ქირურგის, ოსტინ მურის (Austin Moore, 1899–1963) მიერ შექმნილი მენჯ-ბარძაყის სახსრის პროთეზი, რომელმაც საფუძველი დაუდო თანამედროვე, უმაღლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით დამზადებულ იმპლანტებს. საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებში აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის მიერ დაინერგა კერამიკისა და სხვა იმპლანტებით ენდოპროთეზირება, რამაც განვითარებისა და სრულყოფის პიკს 2000 წლის შემდეგ მიაღწია. აღნიშნული იმპლანტების დახვეწა დღემდე გრძელდება.

 

სახსრის ენდოპროთეზირების, იმავე ართროპლასტიკის ანუ სახსრის "გამოცვლის" აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც სახსარი ძლიერი ტკივილის, სასახსრე კომპონენტების დაზიანების ან/და სხვა მრავალი გარემოების გამო კარგავს საკუთარ ფუნქციას. ეს, თავის მხრივ, იწვევს მთლიანი კიდურის ფუნქციის დაქვეითება-დაკარგვას, რამაც შეიძლება უნარშეზღუდულობამდეც მიიყვანოს პაციენტი. ბევრი დაავადება შეიძლება გახდეს მიზეზი სახსრის ისეთი დაზიანებისა, რომელიც ენდოპროთეზირებას საჭიროებს. ასეთ რისკფაქტორებში შედის: რევმატული და სხვა სახის ართრიტები, ტრავმა, ოსტეოპოროზი, ვირუსული და ინფექციური დაავადებები, თანდაყოლილი ანომალიები და სხვა.

სახსრის დაავადებების ოპერაციული მკურნალობის - ენდოპროთეზირების პირდაპირი ჩვენებაა: ტკივილი, რომელიც იმატებს დატვირთვაზე, კიდურის სიმოკლე, საკუთარი თავის მოვლის გაძნელება, გადაადგილების უნარის შეზღუდვა და ყველა ის ობიექტური კვლევა, რომლებიც დაადასტურებს სახსრის დაზიანებას.

 

ენდოპროთეზირების აუცილებლობას განსაზღვრავს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ფაქტორები. ობიექტურ ფაქტორებს მიეკუთვნება ყველა ის კლინიკური და რადიოლოგიური კვლევის შედეგი, რომელიც ადასტურებს სახსრის ისეთ დაზიანებას (სხვადასხვა ეტიოლოგიის, როგორც უკვე აღვნიშნეთ), რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. თუმცა ნიშანდობლივია იმ სუბიექტური ფაქტორის არსებობაც, რომელსაც პაციენტი წარმოქმნის (გრძნობს, განიცდის). ხშირად რადიოლოგიურად სახსრის დაზიანების ხარისხი მაღალია, თუმცა ის ჯერ კიდევ არ უშლის პაციენტს ხელს ყოფა-ცხოვრებაში.

 

სახსრების ენდოპროთეზირებას, როგორც ყველა სხვა ქირურგიულ ჩარევას, ახლავს სტანდარტული გართულებები. მათი დიდი ნაწილი დამოკიდებულია როგორც სახსრის დაზიანების ხარისხზე, ასევე ორგანიზმის მზადყოფნაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს უცხო სხეულის ფაქტორს. წინასწარი განსაზღვრა იმისა, თუ რამდენად მისაღებია ესა თუ ის უცხო სხეული ორგანიზმისთვის, ძალიან ძნელია. ეს დამოკიდებულია როგორც საკუთრივ იმპლანტის ხარისხზე, ასევე ორგანიზმის თავისებურებებზე. ოპერაცია - ართროპლასტიკას შეიძლება მოჰყვეს ყველა ის გართულება, რომელიც თან ახლავს, საზოგადოდ, ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას. ესენია: ცხიმოვანი და თრომბოემბოლია, სისხლდენა, ჩირქოვანი პროცესი, ტრავმის მიღების დროს სხვადასხვა მექანიკური გართულება.

 

რეაბილიტაციის პერიოდი კარგი დახმარების პირობებში 3-დან 6 კვირამდე ვადებში მერყეობს. თუმცა საქართველოში რაიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას ვერ ახერხებს თანხის უქონლობისა და რაიონებში სარეაბილიტაციო ცენტრების არარსებობის გამო.

გერმანული ჰოსპიტალი